არსენი XIV ს.–ის მხატვარი. მან 1381 წელს მოხატა სამცხეში, ჭულის (ჭულევის) მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესია. დღეისათვის არსენის მხოლოდ ეს მოხატულობა არის ცნობილი. მხატვრის სადაურობის, ან მის შესახებ რაიმე ცნობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ტაძრის ჩრდილო–დასავლეთ ბოძზე განთავსებული მხატვრის ფრესკულ წარწერის ბოლო სიტყვას მკვლევრები სხვადასხვანაირად აღადგენდნენ: მ. ბროსე თვლიდა, რომ „თბილელისათა“ იგულისხმებოდა, ექვთ. თაყაიშვილი „თბილელს“კითხულობდა, ხოლო შ. ამირანაშვილის აზრით კი ეს სიტყვა „თორელი“ ან „თმოგველი“ უნდა ყოფილიყო.
ბიბლიოგრაფია: ვ. ბერიძე, ძველი ქართველი ოსტატები, თბ. 1967